სიახლეები

10 მარტი, 2022

ღია მმართველობის პარტნიორობის ადგილობრივი პროგრამის (OGP Local) შესახებ მუნიციპალიტეტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

1/2

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, როგორც ღია მმართველობა საქართველოს მაკოორდინირებელმა უწყებამ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მიზანს საქართველოს მუნიციპალური ორგანოების წარმომადგენლებისთვის ღია მმართველობის პარტნიორობის (Open Government Partnership – OGP) ადგილობრივი პროგრამის (OGP Local) შესახებ ინფორმაციის მიწოდება, პროგრამაში გაწევრიანებისათვის არსებული  მოთხოვნების გაცნობა და სააპლიკაციო პროცედურების დეტალური მიმოხილვა წარმოადგენდა.

საკონსულტაციო შეხვედრა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, რევაზ ჯაველიძემ გახსნა და აღნიშნა, რომ საქართველოს, როგორც OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრი ქვეყნის, პრიორიტეტია კიდევ უფრო გაიზარდოს OGP-ის ადგილობრივ პროგრამაში საქართველოს მუნიციპალიტეტების რაოდენობა და ამ პროგრამას წელსაც, გასული წლების მსგავსად, დამატებით რამდენიმე მუნიციპალიტეტი შეუერთდეს. რევაზ ჯაველიძის თქმით, OGP Local უნიკალურ შესაძლებლობას წარმოადგენს საქართველოს მუნიციპალიტეტებისთვის, რათა ხელი შეუწყონ ადგილობრივ დონეზე ღია მმართველობის პრინციპების დანერგვას.

ღია მმართველობა საქართველოს სამდივნოს ხელმძღვანელმა, ქეთი ცანავამ მონაწილეებს OGP-ის ეროვნულ და ადგილობრივ პროგრამებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ქეთი ცანავამ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ღია მმართველობა საქართველოს ახალი, 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი აქტიურ ფაზაშია და მუნიციპალიტეტებს გეგმაში ჩართვისკენ და აქტიურობისკენ მოუწოდა.

საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაში ასევე მონაწილეობას იღებდა OGP-ის ადგილობრივი პროგრამის უფროსი მენეჯერი, ხოსე მარია მარინი, რომელმაც შეხვედრის მონაწილეებს OGP-ის ადგილობრივი პროგრამის მიზნებსა და დაგროვილ გამოცდილებაზე მიაწოდა ინფორმაცია.

ღია მმართველობა საქართველოს სამდივნოს წარმომადგენელმა, ანა ბარისაშვილმა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს აპლიკაციის წარდგენის პროცედურა - ონლაინ ფორმის შევსების ინსტრუქცია, კრიტერიუმები და ვადები გააცნო.

ღია მმართველობის ადგილობრივ პროგრამაში მონაწილეობის საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრეს საქართველოს ოთხი მუნიციპალიტეტის - თბილისის, ახალციხის, ოზურგეთისა და ხონის წარმომადგენლებმა. მათ კოლეგა მუნიციპალიტეტებს აქტიურობისკენ და პროგრამაში წევრობის განაცხადის გაკეთებისკენ მოუწოდეს და სამომავლოდ მხარდაჭერის მზაობა გამოხატეს.

შეხვედრის მონაწილეებს ასევე მიმართეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა, გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „დეცენტრალიზაციის და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“, მენეჯერმა, ნინო კაკუბავამ და USAID-ის პროექტის - დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში (GGI) დირექტორმა, ლევან სამადაშვილმა.

საკონსულტაციო შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. შეხვედრა 10 მარტს, დისტანციურ ფორმატში გაიმართა.

----

ღია მმართველობის პარტნიორობამ 2016 წელს საფუძველი ჩაუყარა ადგილობრივ პროგრამას (OGP Local), რომელიც OGP-ის წევრი ქვეყნების მუნიციპალიტეტებს, ადგილობრივ და რეგიონულ თვითმმართველობებს აერთიანებს. აღნიშნულ პროგრამაში 2016 წელსვე ჩაერთო და დღემდე აქტიურად მონაწილეობს თბილისის მერია. 2020 წელს OGP-ის ადგილობრივ პროგრამას შეუერთდნენ ახალციხის, ოზურგეთისა და ხონის მუნიციპალიტეტები.

2022 წელს OGP Local-ის პროგრამა გეგმავს გაფართოებას, მიმდინარე წელს შესარჩევი ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ, პროგრამაში დამატებით 50-მდე ახალი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო გაწევრიანდება სხვადასხვა ქვეყნიდან. აპლიკაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 16 მარტი.

facebook icon twitter icon linkedin icon
+1
24 მაისი, 2022

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ღია მმართველობის პ ...

შეხვედრა შვეიცარიის ქალაქ დავოსში 24 მაისს გაიმართა

23 მაისი, 2022

ესეების კონკურსი სტუდენტებისთვის

კონკურსში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, ნაშრომის წ ...