სიახლეები

14 დეკემბერი, 2021

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ აღმოსავლეთ პარტნიორობის დასავლეთ ბალკანეთის მაღალი დონის რეგიონულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

1/2
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ რევაზ ჯაველიძემ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) რიგით მე-7 გლობალური სამიტის ფარგლებში გამართულ აღმოსავლეთ პარტნიორობის - დასავლეთ ბალკანეთის რეგიონული სესიის მაღალი დონის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრაზე მონაწილე სახელმწიფოების წარმომადგენლებმა ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქვეყნის მიერ განხორციელებულ მიღწევებზე ისაუბრეს და ყურადღება მომდევნო წლების სამოქმედო გეგმის ინოვაციურ რეფორმებზე  გაამახვილეს.

რევაზ ჯაველიძემ რეგიონულ სესიაზე ხაზი გაუსვა დემოკრატიული განვითარების გზაზე ბოლო პერიოდში ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებებს საჯარო სერვისებისა და ინოვაციური პლატფორმების განვითარების,  სახელმწიფოს საქმიანობის გამჭვირვალობისა და ღია მმართველობის პრინციპების დამკვიდრების მიმართულებით.

ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ განსაკუთრებული აქცენტი საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებულ გამჭვირვალობასა და საზოგადოების ჩართულობაზე გააკეთა. მან მონაწილეებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანალიტიკური პორტალი „ბიუჯეტის მონიტორი“ გააცნო, რომლის მიზანია საბიუჯეტო პროცესის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა, მოქალაქეებისთვის მუდმივად განახლებადი ინფორმაციის მიწოდება და საჯარო ფინანსების მართვის ზედამხედველობის პროცესში მოქალაქეების ჩართულობის უზრუნველყოფა.

როგორც რევაზ ჯაველიძემ განმარტა, პორტალზე საბიუჯეტო პროცესებთან დაკავშირებულ საკითხებზე განთავსებულია ანალიტიკური სახის ინფორმაცია, ამასთან, პლატფორმა  მოქალაქეებთან ორმხრივი კომუნიკაციის შესაძლებლობას იძლევა, რაც, გლობალური პანდემიის პირობებში, ღია მონაცემების  დისტანციურად ხელმისაწვდომობას უწყობს ხელს.

სესიის მეორე ნაწილში რევაზ ჯაველიძემ ღია მმართველობის პარტნიორობის ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავების მიმდინარე პროცესზე ისაუბრა და განმარტა, რომ ახალი სამოქმედო გეგმის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი მონაცემების ღიაობის გაუმჯობესებაზე გაკეთდება. ამ კუთხით ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ მონაცემთა ღიაობისა და მასზე საზოგადოების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისივე განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე მუშაობა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან მჭიდრო თანამშრომლობით გაგრძელდება.

რეგიონულ სესიაში მონაწილეობა ასევე მიიღეს მონტენეგროს, მაკედონიის, სერბეთის, უკრაინისა და სომხეთის მაღალი რანგის პოლიტიკურმა პირებმა, ასევე, საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის ევროპული კომისიის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD), აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრის წარმომადგენლებმა.

ღია მმართველობის პარტნიორობის მეათე საიუბილეო წელს გლობალურ სამიტს  სამხრეთ კორეის რესპუბლიკის დედაქალაქი, სეული მასპინძლობს. კოვიდ-19 მსოფლიო პანდემიის გათვალისწინებით, სამიტი ჰიბრიდულ ფორმატში იმართება. OGP-ის ყოველწლიური გლობალური სამიტის მიმდინარე პრიორიტეტები შეეხება სამოქალაქო სივრცისა და საზოგადოების მონაწილეობის გაძლიერების, კორუფციის წინააღდეგ ბრძოლისა და ინკლუზიური ციფრული ინოვაციის მხარდაჭერის საკითხებს.

facebook icon twitter icon linkedin icon
+1
20 დეკემბერი, 2023

ღია მმართველობა საქართველოს უწყებათაშორისმა საკოორდინაც ...

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა 20 დეკემბე ...

+4
07 სექტემბერი, 2023

6-7 სექტემბერს OGP-ის რიგით მერვე გლობალური სამიტი გაიმ ...

სამიტს OGP-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, ეს ...

+2
12 ოქტომბერი, 2022

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ღია მმართვ ...

შეხვედრა 2022 წლის 11-12 ოქტომბერს იტალიის დედაქალაქ რო ...