2012-2013 წწ
- 2013 წელი - ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სფეროში საქართველოში განხორციელებული რეფორმა (საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულების დამკვიდრების შესახებ) OGP-ის ყოველწლიურ სამიტზე ლონდონში, მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის 7 ყველაზე წარმატებულ პროექტს შორის დაასახელეს.
2013 წლის 17 აპრილს საქართველომ OGP-ის წარუდგინა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ერთად შემუშავებული ღია მმართველობა საქართველოს 2012-2013 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც ეხმიანება პარტნიორობის ოთხ გამოწვევას:
- საჯარო მომსახურების გაუმჯობესება
- საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდა
- საჯარო რესურსების უკეთესი მართვა და
- უსაფრთხო გარემოს შექმნა.
2012-2013 წლების სამოქმედო გეგმა 11 პასუხისმგებელ უწყებას და 12 ვალდებულებას ითვალისწინებს, რომლებიც შესაბამისობაშია ღია მმართველობის პარტნიორობის მიერ აღიარებულ პრინციპებთან - გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, მოქალაქეთა ჩართულობა და ტექნოლოგია და ინოვაცია.
სამოქმედო გეგმა საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სტუდენტებთან და აკადემიური წრის წარმომადგენლებთან საკონსულტაციო პროცესის შედეგად შემუშავდა.
სამოქმედო გეგმის პროექტის განხილვის მიზნით საჯარო კონსულტაციები გაიმართა 6 ქალაქში: თელავი, გორი, ახალციხე, ქუთაისი, ბათუმი და თბილისი. აღნიშნულ საკონსულტაციო შეხვედრებს მასპინძლობდნენ სკოლები ან უნივერსიტეტები და უმეტესად ესწრებოდნენ სტუდენტები და აკადემიური წრის წარმომადგენლები.