OGP კოორდინაცია

OGP საქართველოს სამდივნო

2013-2019 წლებში ღია მმართველობა საქართველოს პროცესს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უძღვებოდა, იუსტიციის მინისტრი კი 2014-2018 წლებში საქართველოს მთავრობის სახელით მონაწილეობდა OGP-ის მმართველ კომიტეტში.

2019 წლის აპრილიდან, ქვეყანაში OGP-ის კოორდინაცია კიდევ უფრო მაღალ დონეზე განისაზღვრა: საქართველოს მთავრობის 2019 წლის 22 აპრილის No 197 დადგენილების თანახმად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ფუნქციად ჩამოყალიბდა OGP-ში საქართველოს წევრობის კოორდინირება ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.

აღნიშნული გადაწყვეტილების სათანადოდ განხორციელების მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგეგმვის და კოორდინაციის დეპარტამენტის ქვეშ შეიქმნა საჯარო მმართველობის სამმართველო, რომლის ფუნქციად განისაზღვრა OGP საქართველოს კოორდინაცია ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, აგრეთვე, ღია მმართველობა საქართველოს სამოქმედო გეგმის შემუშავება, შესრულების მონიტორინგი, ანგარიშგება და სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების განხორციელების ხელშეწყობა.

სამდივნოს ინიციატივითა და პროცესში ჩართული ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მნიშვნელოვანი მხარდაჭერით, 2020 წლის 13 თებერვალს, საქართველოს მთავრობის N 110 დადგენილებით შეიქმნა ღია მმართველობა საქართველოს პირველი მაღალი რანგის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო. საბჭოს მუდმივმოქმედ სამუშაო ჯგუფად განისაზღვრა ღია მმართველობა საქართველოს ფორუმი.

ღია მმართველობა საქართველოს სამდივნო უზრუნველყოფს საბჭოს და მის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფების ანალიტიკურ და ორგანიზაციულ მხარდაჭერას, ადმინისტრირებას უწევს ღია მმართველობა საქართველოს საბჭოს საქმიანობას.