2016-2017 წწ
- 2016 წელი - საქართველო, საფრანგეთთან ერთად, OGP-ის თანათავმჯდომარე ქვეყანა გახდა
- 2017 წელი - საქართველო OGP-ის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. თავმჯდომარეობა მან საფრანგეთისაგან გადმოიბარა
- 2017 წელი - შესრულდა ღია მმართველობა საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვალდებულება და 22 დეკემბერს საქართველოში პირველი მოქალაქეთა ელექტრონული პეტიციების ოფიციალური სამთავრობო პლატფორმა ამოქმედდა
ღია მმართველობა საქართველოს 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმა, ასევე, შემუშავებულია ღია მმართველობა საქართველოს სამდივნოს მიერ სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ფორუმის ფარგლებში.
ღია მმართველობა საქართველოს სამდივნომ გეგმის შემუშავების პროცესი ფორუმის წევრ საჯარო უწყებებსა და არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით დაიწყო. მათი მხრიდან სამდივნოს წარედგინა წინადადებები და იდეები იმ სამომავლო ვალდებულებების შესახებ, რომლებიც, მათი აზრით, ახალი სამოქმედო გეგმის ნაწილი უნდა გამხდარიყო. გარდა ამისა, სამდივნომ ინდივიდუალური შეხვედრების რეჟიმში იმუშავა იმ უწყებებთან, რომლებიც მანამდე ღია მმართველობა საქართველოს საქმიანობაში არ ყოფილან ჩართულნი. სამდივნომ, ასევე, მიიღო ფორუმის ძველი და პოტენციური წევრების მიერ წარმოდგენილი ვალდებულებების ფართო ნუსხა.
სამდივნოს თავიანთი რეკომენდაციები წარუდგინეს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებმაც. მათი იდეების უმეტესობა ვალდებულებების სახით აისახა გეგმაში. ქვეყნის მასშტაბით გამართულ საჯარო კონსულტაციების პროცესში აქტიურად მონაწილეობდა და სამდივნოს მხარს უჭერდა „USAID“-ის პროექტი „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში“ (GGI). 19 საჯარო შეხვედრა საქართველოს 15 ქალაქში ჩატარდა.
ღია მმართველობა საქართველოს რიგით მესამე სამოქმედო გეგმაში გაერთიანებულია 24 პასუხისმგებელი უწყების 27 ვალდებულება, რომლებიც შესაბამისობაშია OGP-ის პრინციპებთან გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, მოქალაქეთა ჩართულობა, ტექნოლოგია და ინოვაცია − გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულებისათვის.
სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების თემატიკა მკვეთრად გაფართოებულია. ღია მმართველობა საქართველოს არსებობის განმავლობაში პირველად ვალდებულებების ნაწილი მოიცავს გარემოს დაცვის, ჯანდაცვის, კონკურენციის, ენერგეტიკისა და მომხმარებელთა უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს, სასჯელაღსრულებისა და პროკურატურის კომპეტენციაში შემავალ თემებს. გარდა ამისა, სამოქმედო გეგმა პირველად ასახავს ღია მმართველობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევის − კორპორატიული პასუხისმგებლობის გაუმჯობესების − საპასუხო სამ ვალდებულებას.
გეგმის კიდევ ერთი ნოვაციაა მუნიციპალიტეტების ჩართულობა. პირველად ღია მმართველობა საქართველოს სამოქმედო გეგმა ცალკე, დამოუკიდებელ კომპონენტად მოიაზრებს მუნიციპალიტეტების ვალდებულებებსაც. კონსულტაციების შედეგად სამდივნომ მიიღო ხუთი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივა ეროვნულ სამოქმედო გეგმაში ვალდებულებების გათვალისწინების თაობაზე.
სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებები პასუხობს OGP-ის ხუთივე გამოწვევას:
- საჯარო მომსახურების გაუმჯობესება
- საჯარო სექტორში კეთილსინდისიერების ამაღლება
- საჯარო რესურსების უკეთესი მართვა
- უსაფრთხო გარემოს შექმნა და
- კორპორატიული პასუხისმგებლობის გაუმჯობესება.