2018-2019 წწ
- 2018 წელი - საქართველომ, როგორც OGP-ის თავმჯდომარე ქვეყანამ, ღია მმართველობის პარტნიორობის მე-5 გლობალურ სამიტს თბილისში უმასპინძლა. ღონისძიებაში 70-ზე მეტი ქვეყნის, ასობით სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური წრისა და მედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სამიტის ფარგლებში 80-მდე პანელი და სესია გაიმართა
- 2019 წელი - ქვეყანაში OGP-ის კოორდინაცია კიდევ უფრო მაღალ დონეზე განისაზღვრა: საქართველოს მთავრობის 2019 წლის 22 აპრილის No 197 დადგენილების თანახმად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ფუნქციად განისაზღვრა OGP-ში საქართველოს წევრობის კოორდინირება ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე
- 2019 წელი - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგეგმვის და კოორდინაციის დეპარტამენტის ქვეშ შიექმნა საჯარო მმართველობის სამმართველო, რომლის ფუნქციად განისაზღვრა OGP საქართველოს კოორდინაცია ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, აგრეთვე, ღია მმართველობა საქართველოს სამოქმედო გეგმის შემუშავება, შესრულების მონიტორინგი, ანგარიშგება და სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების განხორციელების ხელშეწყობა
- 2019 წელი - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა OGP-ის მმართველი კომიტეტის არჩევნებში საქართველოს კანდიდატურა წარადგინა. შედეგად, 2019 წლის 1 აპრილს, გერმანიასთან და ინდონეზიასთან ერთად, საქართველო 3 წლის ვადით აირჩიეს ორგანიზაციის მმართველ კომიტეტში. კომიტეტში საქართველოს მთავრობას ადმინისტრაციის უფროსი წარადგენს
ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა შემუშავდა სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის ფარგლებში.
ღია მმართველობა საქართველოს სამდივნომ სამუშაო პროცესი ფორუმის წევრ საჯარო უწყებებთან და არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით დაიწყო. მათი მხრიდან სამდივნოს წარედგინა წინადადებები და იდეები იმ სამომავლო ვალდებულებების შესახებ, რომლებიც, მათი აზრით, ახალი სამოქმედო გეგმის ნაწილი უნდა გამხდარიყო. გარდა ამისა, სამდივნომ ინდივიდუალური შეხვედრების რეჟიმში იმუშავა იმ უწყებებთან, რომლებიც მანამდე ღია მმართველობა საქართველოს საქმიანობაში არ ყოფილან ჩართულნი.
სამდივნოს თავიანთი რეკომენდაციები წარუდგინეს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებმაც. მათი იდეების ნაწილი ვალდებულებების სახით აისახა გეგმაში. ქვეყნის მასშტაბით გაიმართა საჯარო კონსულტაციებიც, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდა და სამდივნოს მხარს უჭერდა USAID-ის პროექტი „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში“ (GGI).
სამოქმედო გეგმაში გაერთიანებულია 21 პასუხისმგებელი უწყების 33 ვალდებულება, რომლებიც შესაბამისობაშია OGP-ის პრინციპებთან. გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებები პასუხობს OGP-ის ხუთივე გამოწვევას:
- საჯარო მომსახურების გაუმჯობესება,
- საჯარო სექტორში კეთილსინდისიერების ამაღლება,
- საჯარო რესურსების უკეთესი მართვა,
- უსაფრთხო გარემოს შექმნა და
- კორპორატიული პასუხისმგებლობის გაუმჯობესება.
აღსანიშნავია, რომ 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმაში გაიზარდა მონაწილე მუნიციპალიტეტების რაოდენობა და 11 მუნიციპალიტეტის 13 მუნიციპალურ ორგანოს შეადგენს.