კონსულტაცია

კონსულტაცია

გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა დემოკრატიული საზოგადოების ფუძემდებლური პრინციპი და ღია მმართველობის განუყოფელი ნაწილია.

OGP-ის სახელმძღვანელო წესების შესაბამისად, წევრი ქვეყანა ვალდებულია ღია მმართველობის დღის წესრიგი შეიმუშაოს არა მხოლოდ ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების, ან/და სხვა დაინტერესებული მხარეების, არამედ მოქალაქეთა აქტიური მონაწილეობით.

ღია მმართველობის სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში თანამონაწილეობის (co-creation) პროცესს აანალიზებს და აფასებს OGP-ის შეფასების დამოუკიდებელი მექანიზმი (Independent Reporting Mechanism – IRM).

ღია მმართველობა საქართველოს ყველა სამოქმედო გეგმა ქვეყნის მასშტაბით გამართული საჯარო კონსულტაციების შედეგად შემუშავდა. საქართველოს 20-მდე ქალაქში ჩატარებულ ღია განხილვებში 2000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. კონსულტაციებში მონაწილეობდნენ ადგილობრივი თვითმმართველობების, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ბიბლიოთეკარები, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები. საჯარო კონსუტლაციები “USAID”-ის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებისა და სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივი ცენტრების მხარდაჭერით გაიმართა.

საქართველოს მთავრობამ მიზნად დაისახა მოქალაქეთა ჩართულობის კარგი პრაქტიკის საკანონმდებლო რეგულირებით გამყარება. ამ მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ შეიმუშავა, ხოლო საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 20 დეკემბრის დადგენილებით დაამტკიცა პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესი, რომლის მთავარი მიზანია შედეგზე ორიენტირებული და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის დაგეგმვის პროცესის ჩამოყალიბება. აღნიშნული დოკუმენტი განსაზღვრავს პოლიტიკის დოკუმენტების იერარქიას, მათი შემუშავების, დამტკიცების, მონიტორინგის, ანგარიშგებისა და შეფასების ერთიან სტანდარტს. ასევე, პირველად ადგენს პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების ეტაპზე საჯარო კონსულტაციის გამართვის ვალდებულებას.


მოქალაქეთა ჩართულობა აგრეთვე პრიორიტეტია საქართველოს ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსთვის, რომელმაც თემატური მოკვლევა განახორციელა და მოამზადა ანგარიში სახელმწიფო უწყებებში არსებული სამოქალაქო ჩართულობის ინსტრუმენტებისა და პრაქტიკების შესახებ.