საქართველო და OGP

გლობალური სამიტი 2018

1/2

OGP-ის რიგით მეხუთე გლობალურ სამიტს საქართველომ ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსით 2018 წლის 17-19 ივლისს თბილისში უმასპინძლა.

საქართველომ პირველად უხელმძღვანელა მაღალი რანგის საერთაშორისო პარტნიორობას, რომელიც 2018 წლისთვის მსოფლიოს 76 სახელმწიფოს აერთიანებდა.

გლობალური სამიტი საპარლამენტო ღიაობის დღით გაიხსნა, რომელსაც 24 ქვეყნისა და 12 პარლამენტის 200-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.

სამიტში 115 ქვეყნის 2, 270 დელეგატი, მათ შორის, უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები, სახელმწიფო მეთაურები, მთავრობის წევრები, საკანონმდებლო ორგანოსა და სასამართლო ხელისუფლების, ასევე ასობით სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციის, აკადემიური წრეებისა და მედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

სამიტის განმავლობაში 80-ზე მეტი სესია და პანელური დისკუსია გაიმართა, რომელთაგან 20 სესია ფოკუსირებული იყო ანტიკორუფციულ, 13 - საჯარო სერვისების მიწოდების, 19 - სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის, ხოლო - 29 სხვადასხვა ურთიერთმკვეთ საკითხებზე.

სამიტის ფარგლებში OGP-ის მმართველი კომიტეტის მაღალი დონის შეხვედრა გაიმართა. საქართველოს მთავრობამ მმართველ კომიტეტს რეზოლუციის პროექტი შესთავაზა, რომელიც ნათლად აყალიბებს ღია მმართველობის პრინციპებს და იმ მიდგომებს, რომლებიც დემოკრატიული განვითარების, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალე მმართველობის წინაპირობებია, აგრეთვე ხაზს უსვამს ღია მმართველობის პროცესში ხელისუფლების ყველა შტოს ჩართულობის მნიშვნელობას. რეზოლუცია სხდომის მონაწილეებმა ერთხმად დაამტკიცეს.

OGP-ის მე-5 გლობალური სამიტის გახსნის საზეიმო ცერემონია 18 ივლისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა და სტუმრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მიმართა. შეკრებილ საზოგადოებას ასევე მიმართა OGP-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სანჯეი პრადანმა და პარტნიორობის თანათავმჯდომარემ სამოქალაქო საზოგადოებიდან მუკელანი დიმბამ. მაღალი რანგის პანელებში მიიღეს მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ და ქალაქ თბილისის მერმა, კახა კალაძემ. გახსნის ღონისძიება OGP-ის ახალი ხუთი წევრი სახელმწიფოსა და ხუთი ადგილობრივი ხელისუფლების საზეიმო მიღების ცერემონიითა და იუსტიციის მინისტრის მიმართვით დაიხურა.

გახნით ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო პირველი ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტმა სოფიამ, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარადაჭერით საქართველოს სპეციალურად OGP-ის გლობალურ სამიტში მონაწილეობისთვის ეწვია. სამიტი 7 ენაზე ითარგმნა, ხოლო უწყვეტი ლაივსტრიმი გახსნის ცერემონიიდან ქართულ, ფრანგულ, ინგლისურ და ესპანურ ენებზე გადაიცა. ამასთან, ღია მმართველობის სამიტის გახსნის ცერემონიას პირველად ყავდა სპეციალური საჭიროების მქონე დამსწრე პირებისთვის სურდო თარჯიმანი.