რეგიონული კონფერენცია 2015
2015 წლის 3-4 ივნისს თბილისმა ღია მმართველობის პარტნიორობის პირველ ევროპის რეგიონულ კონფერენციას უმასპინძლა.
კონფერენციაში ხელისუფლების ყველა შტოს უმაღლესმა პირმა მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ.
ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ სტუმრებმა საკონფერენციო სივრცის შოურუმები დაათვალიერეს, სადაც იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა ექვსმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა, მთავრობის ადმინისტრაციამ, საჯარო სამსახურის ბიურომ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ელექტრონული სერვისები წარმოადგინეს.
კონფერენციისათვის საქართველოს ესტუმრნენ OGP-ის სამდივნოს დირექტორის მოადგილე, ჯოზეფ პაუელი, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, უკრაინის, თურქეთის, სლოვაკეთის, სერბეთის, რუმინეთის, ნორვეგიის, ნიდერლანდის, მონტენეგროს, მალტის, იორდანიის, ირლანდიის, უნგრეთის, ჩეხეთის, ხორვატიის, ბულგარეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის დელეგაციები.
30-მდე ქვეყნის სამთავრობო უწყებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ღია და გამჭვირვალე მმართველობის საკითხებზე ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას 2 დღის განმავლობაში უზიარებდნენ.
OGP-ის ევროპის რეგიონული კონფერენციის ფარგლებში საქართველომ და საფრანგეთმა ღია მმართველობის თემებთან დაკავშირებით თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. ქართული მხრიდან დოკუმენტებს ხელი მოაწერა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, ხოლო ფრანგული მხრიდან − საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრმა რეფორმებისა და სახელმწიფო სერვისების გამარტივების დარგში ტიერი მანდონმა.