სამოქმედო გეგმა

2014-2015 წწ

  • 2014 წელი − საქართველო OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრად აირჩიეს − აღმასრულებელ კომიტეტში მთავრობას იუსტიციის მინისტრი წარმოადგენს
  • 2015 წელი − მექსიკის გლობალურ სამიტზე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან წარმატებული თანამშრომლობისათვის ღია მმართველობის ჩემპიონის ჯილდო გადაეცა
  • 2015 წელი − თბილისში „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ევროპის რეგიონული კონფერენცია გაიმართა. საქართველო პირველი ქვეყანაა აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც პარტნიორობის მაღალი დონის შეხვედრას უმასპინძლა

ღია მმართველობა საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმა მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთობლივი მუშაობის, ასევე ქვეყნის მასშტაბით გამართული საჯარო კონსულტაციების  პროდუქტია. გეგმა შემუშავდა ღია მმართველობა საქართველოს ეროვნული საკოორდინაციო მექანიზმის ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის ფარგლებში და მის შემუშავებაში ასევე მონაწილოება მიიღო ფართო საზოგადოებამ საჯარო კონსულტაციების მეშვეობით. საჯარო კონსულტაციები ჩატარდა საქართველოს 15 ქალაქში USAID-ის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებისა და სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივი ცენტრების მხარდაჭერით. საქართველოს მასშტაბით გამართულ 19 შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 700-მდე დაინტერესებულმა პირმა.

ფორუმის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს სამოქმედო გეგმის პროექტში ასახულ ვალდებულებებს. გარდა ამისა, მათი დამატებითი რეკომენდაციები, რომლებიც გეგმის პირველი პროექტის შემუშავების შემდეგ წარმოადგინეს, უმეტესწილად გათვალისწინებული იქნა და ვალდებულებების სახით აისახა ღია მმართველობა საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმაში.

2014–2015 წლების სამოქმედო გეგმაში გაერთიანებულია 16 პასუხისმგებელი უწყების 29 ვალდებულება, რომლებიც შესაბამისობაშია ღია მმართველობის პარტნიორობის პრინციპებთან - გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, მოქალაქეთა ჩართულობა და ტექნოლოგია.

გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებები პასუხობს ღია მმართველობის 4 გამოწვევას:

  • საჯარო მომსახურების გაუმჯობესება
  • საჯარო სექტორში კეთილსინდისიერების ამაღლება
  • საჯარო რესურსების უკეთესი მართვა და
  • უსაფრთხო გარემოს შექმნა