სიახლეები

16 ივნისი, 2022

ესეების კონკურსში ნაშრომების წარმოდგენის ვადა გახანგრძლივდა

ღია მმართველობის პარტნიორობა (Open Government Partnership - OGP) აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ერთობლივი ინიციატივით 8 ქვეყნის მთავრობის  მიერ 2011 წლის 20 სექტემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაფუძნდა. ამჟამად OGP 77 წევრი ქვეყნის მთავრობასა და ათასობით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას აერთიანებს. OGP-ის წევრი ქვეყნები იღებენ ვალდებულებას შეიმუშაონ ღია მმართველობის სამოქმედო გეგმები და რეფორმებით ხელი შეუწყონ მმართველობის ღიაობას, გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებასა და მოქალაქეთა მონაწილეობას.

საქართველო OGP-ის 2012 წელს შეუერთდა და მას შემდეგ ღია მმართველობის ოთხი სამოქმედო გეგმა განახორციელა. საქართველომ OGP-ში ლიდერის როლი შეასრულა და 2018 წელს ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყნის რანგში OGP-ის მე-5 გლობალურ სამიტს თბილისში უმასპინძლა. 2019 წლიდან საქართველო OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრია. საქართველო OGP-ის წევრი ქვეყნების იმ მცირე რიცხვს მიეკუთვნება, სადაც ღია მმართველობის პროცესში სრულად ჩართულია ხელისუფლების ყველა შტო.

დემოკრატიული ღირებულებებისა და ღია მმართველობის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების, ასევე, დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გაძლიერების მიზნით, OGP ყოველწლიურად მართავს ღია მმართველობის გლობალურ კვირეულს. კვირეული სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულ ფორმატში იმართება.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, როგორც ღია მმართველობა საქართველოს პროცესის მაკოორდინირებელი უწყება, უერთდება 2022 წლის ღია მმართველობის კვირეულს და სტუდენტებისთვის აცხადებს ესეების კონკურსს ღია მმართველობის როლი თანამედროვე მსოფლიოში: ძირითადი ღირებულებები და გამოწვევები“.

კონკურსის მიზანია ღია მმართველობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, სტუდენტების დაინტერესება კარგი მმართველობის საკითხებით და OGP-ის ძირითადი პოლიტიკის მიმართულებების  პოპულარიზაცია.

საკონკურსო ესე უნდა ეხებოდეს OGP-ის პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს (მათ შორისაა, თავისუფალი სამოქალაქო სივრცის შექმნა; ციფრული მმართველობის გაძლიერება; კანონის უზენაესობა; ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და სხვა).

კონკურსის შედეგად გამოვლინდება სამი საუკეთესო ნაშრომის ავტორი, რომლებიც დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზით (I ადგილი - ₾1000; II ადგილი - ₾700; III ადგილი - ₾500), ხოლო მათი ესეები გამოქვეყნდება OGP საქართველოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.ogp.gov.ge), სადაც პირველად ამოქმედდება OGP ბლოგის სექცია.

საკონკურსო ნაშრომების შეფასების კომისიაში წარმოდგენილნი იქნებიან OGP საქართველოს ფორუმის წევრი როგორც სახელმწიფო უწყების, ისე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საკონკურსო მოთხოვნები

სტუდენტის მიერ წარმოდგენილი ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ესეს სტრუქტურა:

  • სათაური
  • თავფურცელი კონკურსანტის სახელი/გვარის, უნივერსიტეტისა და აკადემიური ხარისხის მითითებით (ფაკულტეტი და სასწავლო წლის სემესტრი)
  • შესავალი
  • ძირითადი ნაწილი
  • დასკვნა
  • გამოყენებული ლიტერატურა.

ესეს ტექნიკური მახასიათებლები:

  • ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს MS Word დოკუმენტის სახით
  • ტექსტის (შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნა) სიტყვების რაოდენობა - 1500-2500
  • ფონტი: Sylfaen, ზომა - 12
  • სტრიქონებს შორის დაშორება - 1.15
  • გვერდის საზღვრები (margins): ზევით-ქვევით - 2 სმ; მარჯვნივ-მარცხნივ - 2,5 სმ.

ესეში მოცემული ანალიზი უნდა ეკუთვნოდეს ავტორს. პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსანტი მოიხსნება კონკურსიდან.

ესე შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  • სტატიის საკითხის აქტუალობა
  • საკითხის ღია მმართველობის თემატიკასთან შესაბამისობა
  • სტრუქტურული გამართულობა
  • სტატიაში წამოწეული საკითხების ამომწურავად დაფარვა
  • სტატიის ანალიტიკური ხასიათი (ავტორის მსჯელობა)
  • სტატიაში გამოყენებული წყაროების ხარისხი და მრავალფეროვნება
  • სტატიის აკადემიური გამართულობა (წერის კულტურა). 

ავტორთა თხოვნით, ესეების მიღების ვადა გაგრძელებულია 2022 წლის 17 ივლისამდე.

ნაშრომების წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად შემდეგ ელ-ფოსტაზე: ogpgeorgia@gov.ge. წერილის სათაურში (Subject) მიუთითეთ ღია მმართველობის როლი თანამედროვე მსოფლიოში: ძირითადი ღირებულებები და გამოწვევები

კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 9:00-დან 18:00 საათამდე

ტელ: 032 299 09 00 (1112)

ელ-ფოსტაOgpgeorgia@gov.ge

facebook icon twitter icon linkedin icon
31 მაისი, 2022

ღია ბიუჯეტის ინდექსში საქართველო მსოფლიოს ლიდერი ქვეყან ...

საქართველომ მსოფლიოს 120 ქვეყანას შორის პირველი ადგილი ...

+1
24 მაისი, 2022

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ღია მმართველობის პ ...

შეხვედრა შვეიცარიის ქალაქ დავოსში 24 მაისს გაიმართა