სიახლეები

20 ოქტომბერი, 2020

ახალციხე, ოზურგეთი და ხონი ღია მმართველობის გლობალურ პარტნიორობას შეუერთდნენ

ახალციხის, ოზურგეთისა და ხონის მუნიციპალიტეტები „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ლოკალური პროგრამის (OGP Local) წევრებად აირჩიეს.
პარტნიორობამ ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერის სპეციალურ პროგრამას 2016 წელს ჩაუყარა საფუძველი. აღნიშნულ პროგრამაში 2016 წელსვე ჩაერთო და დღემდე აქტიურად მონაწილეობს ქალაქ თბილისის მერია. დედაქალაქი პირველ 15 თვითმმართველ ქალაქს შორის მოხვდა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 45 კანდიდატიდან შეირჩა.
OGP-ში გაწევრიანებით ახალციხის, ოზურგეთისა და ხონის მუნიციპალიტეტები უერთდებიან გლობალურ მოძრაობას რათა ხელი შეუწყონ სხვადასხვა ფორმით ადგილობრივ დონეზე ღია მმართველობის პრინციპების გამტკიცებას. პროგრამის მონაწილე მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობა მიეცემათ ითანამშრომლონ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან, გაუზიარონ მათ ცოდნა და გამოცდილება და დანერგონ სიახლეები ადგილობრივ დონეზე.
OGP-ის ლოკალური პროგრამის ახალი წევრები კონკურსის საფუძველზე შეირჩნენ, რომელიც 2020 წლის 26 მაისს გამოცხადდა და ორი ეტაპისგან შედგებოდა. მიღებული 112 განაცხადიდან, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე, შესარჩევმა კომისიამ 56 წევრი აირჩია, რომლებიც 32 ქვეყნის 64 ადგილობრივ თვითმმართველობას აერთიანებენ. აღნიშნული OGP-ის ისტორიაში თვითმმართველობების ჩართულობის ყველაზე მასშტაბური გაფართოებაა და ემთხვევა კრიტიკულ მომენტს, როცა ქალაქები და ადგილობრივი თვითმმართველობები COVID-19 პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზებზე არიან.
შერჩეულ მუნიციპალიტეტებს გამოარჩევთ ღია მმართველობის კუთხით განხორციელებული ინოვაციური ინიციატივები და სამოქალაქო საზოგადოებასთან წარმატებული თანამშრომლობა.  
კონკურსის შესარჩევ ეტაპებზე სამივე მუნიციპალიტეტს აქტიურ მხარდაჭერას უწევდნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები. სწორედ მათთან თანამშრომლობით იგეგმება სამომავლოდ აღნიშნული სამი ქალაქის ღია მმართველობის სამოქმედო გეგმების შემუშავება. პროცესში აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, როგორც ღია მმართველობა საქართველოს სამდივნომ და დაინტერესებული მუნიციპალიტეტებისთვის საკონსულტაციო შეხვედრები გამართა სხვადასხვა ფორმატში. კონკურსანტებს მხარს უჭერდა შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP).
„ღია მმართველობის პარტნიორობა“ (OGP) აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ინიციატივით 2011 წელს დაფუძნდა. ორგანიზაცია მიზნად ისახავს მთავრობათა გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის გაზრდას. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც OGP-ს 2011 წელს შეუერთდა. OGP ამჟამად მსოფლიოს ასამდე ქვეყნის მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს აერთიანებს.
facebook icon twitter icon linkedin icon
+1
20 დეკემბერი, 2023

ღია მმართველობა საქართველოს უწყებათაშორისმა საკოორდინაც ...

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა 20 დეკემბე ...

+4
07 სექტემბერი, 2023

6-7 სექტემბერს OGP-ის რიგით მერვე გლობალური სამიტი გაიმ ...

სამიტს OGP-ის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ, ეს ...

+2
12 ოქტომბერი, 2022

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ღია მმართვ ...

შეხვედრა 2022 წლის 11-12 ოქტომბერს იტალიის დედაქალაქ რო ...