სამოქმედო გეგმა

საზოგადოებრივი ცენტრები - სერვისებისა და ჩართულობის სივრცე სოფლად

საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი და ღია მმართველობის პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. ამ მიმართულებით, აღსანიშნავია იუსტიციის სახლი, რომელიც არა მხოლოდ რეგიონში, არამედ გლობალურად, სახელმწიფო სერვისების მიწოდების ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია. პრიორიტეტია ასევე სოფლად მცხოვრები მოსახლეობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, ბოლო რამდენიმე წელია, აქტიურად მუშაობს ადგილობრივი თვითმმართველობების შესაძლებლობების გაზრდის მიმართულებით. საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა საჯარო სექტორში თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით. შედეგად, ქალაქებსა და მუნიციპალურ ცენტრებში მოსახლეობას საშუალება აქვს, ისარგებლოს ხარისხიანი სერვისებით, თუმცა სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ხელმისაწვდომობა სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ სერვისებზე კვლავაც დაბალია. 

2012 წლიდან სააგენტო ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“. პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობების შესაძლებლობების განვითარებას, თვითმმართველ ერთეულებში მმართველობის გაუმჯობესების, ადგილობრივი მოსახლეობისათვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდებისა და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარების გზით. პროექტის პირველ ეტაპზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ შეიმუშავა საზოგადოებრივი ცენტრის კონცეფცია.

საზოგადოებრივი ცენტრების განვითარება ღია მმართველობა საქართველოს სამოქმედო გეგმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ვალდებულებას წარმოადგენს. OGP საქართველოს 2012-2013 და 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმების ფარგლებში სოფლად აშენდა დაგეგმილზე მეტი საზოგადოებრივი ცენტრი და შეიქმნა ვებგვერდი www.centri.gov.ge, სადაც განთავსდა ინფორმაცია საზოგადოებრივი ცენტრების მდებარეობის, სერვისებისა და საქმიანობის შესახებ. გატარებული ღონისძიებების შედეგად, ამჟამად საქართველოს მასშტაბით 80 საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს. 

საზოგადოებრივი ცენტრი არის თანამედროვე ინფრასტრუქტურით და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სივრცე. მისი მეშვეობით მოსახლეობას საშუალება აქვს სოფლიდან გაუსვლელად ისარგებლოს 200-ზე მეტი საჯარო და კერძო სექტორის სერვისით. საზოგადოებრივი ცენტრის მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს ეროვნული არქივის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისებით, ცენტრში ასევე წარმოდგენილი არიან კერძო კომპანიები: „მაგთიკომი“ და „ლიბერთი ბანკი“.

საზოგადოებრივ ცენტრებში დასაქმებულები არიან საგანგებოდ შერჩეული და გადამზადებული ადგილობრივი კადრები, რომლებიც ელექტრონული მმართველობის საშუალებით გასცემენ ცენტრალური ხელისუფლებისა და კერძო სექტორის სერვისებს. ცენტრში განთავსებულია მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ოფისი და გამოყოფილია სპეციალური სივრცე სამოქალაქო ჩართულობის ხელშესაწყობად. მოქალაქეთათვის ასევე ხელმისაწვდომია უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები, ვიდეო კონფერენციის აპარატურა და თანამედროვე ელექტრონული ბიბლიოთეკა.

სახელმწიფო და კერძო სერვისებზე წვდომის გარდა, ცენტრებს ეკისრებათ მედიატორის როლი მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის. ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას, ასევე სამოქალაქო სექტორს საშუალება აქვს საზოგადოებრივი ცენტრი გამოიყენოს ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციის მიზნით, მათთვის ახალი სერვისების, ინიციატივების, საკანონმდებლო ცვლილებების გასაცნობად და მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებების ჩასატარებლად.

საზოგადოებრივ ცენტრებში დღემდე გამართულ 4000-ზე მეტ შეხვედრაში 60000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის იყო სხვადასხვა საინფორმაციო შეხვედრა და ტრენინგ-სემინარები სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის, ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობის და ქალთა უფლებების, შშმ პირთა, ტრეფიკინგისა და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხებზე. ასევე დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარების ხელშემწყობი ტრენინგები და ქართული ენის კურსები ეროვნული უმცირესობებისათვის. ცენტრებში ხშირად იმართება ისეთი საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებები როგორიცაა, ლიტერატურული საღამოები, კინოჩვენებები, გამოფენები, სამხატვრო და ლიტერატურული კონკურსები.
აღსანიშნავია, რომ ტრადიციულად, ღია მმართველობა საქართველოს სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში სწორედ საზოგადოებრივ ცენტრებში იმართება საჯარო კონსულტაციების დიდი ნაწილი.
შეხვედრების ოთახის გამოყენება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, თუ შეხვედრა არ ემსახურება პოლიტიკურ და რელიგიურ სააგიტაციო მიზნებს. ოთახის დაჯავშნა შესაძლებელია საზოგადოებრივ ცენტრების ვებ-გვერდის მეშვეობით.
facebook icon twitter icon linkedin icon