სამოქმედო გეგმა

Budget Monitor - მოქალაქისთვის მარტივად ახსნილი საჯარო ფინანსები

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური მოკლე ვადაში ჩამოყალიბდა წარმატებულ უზენაეს აუდიტორულ ინსტიტუტად, რომელიც ეფექტური ფუნქციონირების მიზნით თანამედროვე ტექონოლოგიებსა და მიდგომებს იყენებს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გავლენა აქვს მოქალაქეების ცხოვრებაზე, საზოგადოებრივი ადმინისტრირების ხარისხზე და დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებაზე, რაც გულისხმობს მოქალაქეებთან, პარლამენტთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, საზოგადოებრივ ინსტიტუტებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიულ კომუნიკაციას.

აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დანერგა ინოვაციური ანალიტიკური ვებპლატფორმა - ბიუჯეტის მონიტორი, რომელიც დაინტერესებულ მხარეებსა და რიგით მოქალაქეებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ საჯარო ფინანსების მონიტორინგის პროცესში.

მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი მოთხოვნების დაცვით, სხვადასხვა საჯარო უწყების ძირითად საბიუჯეტო მონაცემები ხელმისაწვდომია, რიგითი მოქალაქისთვის აღნიშნული ინფორმაციის პოვნა ხშირ შემთხვევაში მაინც პრობლემურია. გარდა ამისა, დამატებითი გამოწვევაა მათი ანალიზი და ინტერპრეტაცია, რაც საბოლოო ჯამში აფერხებს მოქალაქეს მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია და აქტიურად ჩაერთოს საჯარო ფინანსების მართვის პროცესში.

2019 წლის „ღია ბიუჯეტის ინდექსის” მიხედვით, საქართველომ 100-დან 81 ქულიანი შეფასება მიიღო და მსოფლიო რეიტინგში მე-5 ადგილი დაიკავა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ საზოგადოების ჩართულობის კომპონენტში ქვეყანამ 28 ქულა დააგროვა, რაც ისტორიულად, მსოფლიოს მასშტაბით დაბალი მაჩვენებლის ტრენდს მიყვება. მოქალაქეთა მონაწილეობის კუთხით არსებული გამოწვევები, ძირითადად დაკავშირებულია ჩართულობის არასაკმარისი ინსტრუმენტების არსებობასთან.

სწორედ გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, ღია მმართველობა საქართველოს 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, შექმნა ანალიტიკური ვებპლატფორმა - ბიუჯეტის მონიტორი (www.budgetmonitor.ge), რომლის ძირითად მიზანს საჯარო ფინანსების მონიტორინგის პროცესში გადასახადის გადამხდელთა როლისა და მთავრობის ანგარიშვალდებულების ზრდა წარმოადგენს. 

ბიუჯეტის მონიტორი გამოირჩევა ორი ძირითადი ფუნქციით: 
  • ვიზუალიზაცია და
  • ორმხრივი კომუნიკაცია.
სხვადასხვა საჯარო უწყებიდან მიღებული მონაცემები პლატფორმაზე განთავსებულია მარტივად აღქმადი ფორმით, ინფოგრაფიკებისა და დიაგრამების საშუალებით, რაც მომხმარებელს მნიშვნელოვნად უადვილებს მოიძიოს და გადმოწეროს მისთვის საინტერესო ინფორმაცია. ბიუჯეტის მონიტორი აერთიანებს მონაცემებს ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლების, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების/გადასახდელებისა და მათი კომპონენტების, მთავრობის ვალის, მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების, სამსახურის მიერ ჩატარებული აუდიტების ძირითადი მიგნებებისა და რეკომენდაციების შესახებ. 

ბიუჯეტის მონიტორი ასევე წარმოადგენს ორმხრივი კომუნიკაციის პლატფორმას სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და მოქალაქეს შორის. კერძოდ:
  • ერთი მხრივ, პორტალი საზოგადოებას აწვდის საკვანძო საბიუჯეტო ინფორმაციას,
  • მეორე მხრივ კი სთავაზობს შესაძლებლობას გამოიყენონ ეს ცოდნა და ჩაერთონ აუდიტის დაგეგმვის პროცესში.
პლატფორმის მოქალაქის გვერდის საშუალებით, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია აუდიტის სამსახურს საჯარო ფინანსების მართვაში არსებული ხარვეზებისა და პოტენციური კორუფციული რისკების შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია. სახელმწიფო აუდიტის სამსახური აღნიშნულ ინფორმაციას იყენებს წლიური აუდიტორული საქმიანობის გეგმის შედგენაში.

ბიუჯეტის მონიტორმა ფართო აღიარება მოიპოვა საერთაშორისო საზოგადოებაში და მოკლე დროში გახდა რამოდენიმე გამორჩეული ჯილდოს მფლობელი, რომელთაგან აღსანიშნავია:

„ფისკალური გამჭვირვალობის გლობალური ინიციატივის“ (Global Initiative for Fiscal Transparency GIFT) ჯილდო კატეგორიაში - „საზოგადოების მონაწილეობა ფისკალური პოლიტიკისა და ბიუჯეტის შედგენის პროცესში“
გაეროს ციფრული ინოვაციების მსოფლიო სამიტის (World Summit Awards WSA) ჯილდო კატეგორიაში - „მთავრობის & მოქალაქეთა ჩართულობა“
 
საქართველოს IT ინოვაციების (GITI) ჯილდო კატეგორიაში - „საუკეთესო ონლაინ საინფორმაციო წყარო“


facebook icon twitter icon linkedin icon