სამოქმედო გეგმა

Data.gov.ge - ღია მონაცემების პორტალი

ელექტრონული დემოკრატიის, ისე, როგორც ზოგადად, დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია ხელისუფლების გამჭვირვალობა, ვინაიდან, მხოლოდ ნდობასა და ხელისუფლების ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებულ საზოგადოებას შეუძლია დემოკრატიული პრინციპების მიხედვით სახელმწიფოს მართვა.

ღია მმართველობა ფართო ხედვაა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს მათ შორის, ე.წ. „ელექტრონული საზოგადოება“ და მის მიზანს წარმოადგენს მოქალაქეთა საყოველთაო ჩართვა ელექტრონული საზოგადოების განვითარების ყველა ასპექტში. ღიაობის მიდგომას შეიძლება სხვადასხვა საზოგადოებრივი პერსპექტივიდან შევხედოთ: 
  • საზოგადოდ ღია (ღია მონაცემები და ღია კოდი)
  • ღია წვდომა (სამეცნიერო ნაშრომებსა და მონაცემებზე)
  • ღია გალერეები, ბიბლიოთეკები, არქივები და მუზეუმები, ღია ინოვაციები.
ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და ღია მონაცემების კონცეფციას განსაკუთრებული ადგილი უკავია ღია მმართველობის ჩამოყალიბების პროცესში.

ინტერნეტისა და ახალი ტექნოლოგიების განვითარებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მთავრობების ღიაობისა და მათი საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფაში. ინოვაციურმა აპლიკაციებმა და პლატფორმებმა შესაძლებლობა მისცეს ორგანიზაციებს, უკეთ გაეგოთ საზოგადოების მოთხოვნები და საჭიროებები. მოქალაქეებს გაუჩნდათ ბერკეტი, რომ მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ფართო საზოგადოებას გაუზიარონ საკუთარი იდეები და აქტიურად ჩაერთონ მათი აღსრულების მონიტორინგში. 

საქართველოს საჯარო დაწესებულებები ფლობენ დიდი მოცულობის ციფრულ ინფორმაციას, რომელიც, ძირითადად, საჯარო უფლებამოსილების განხორცილების პროცესში გროვდება. ამ მონაცემების ნაწილის პროაქტიულად გამოქვეყნებას სახელმწიფო დაწესებულებებს ავალდებულებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი და საქართველოს მთავრობის დადგენილება საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის სტანდარტის შესახებ.

ყველა სახის საჯაროდ გამოქვეყნებული ინფორმაცია ვერ ჩაითვლება ღია მონაცემად, რადგან ღია მონაცემი გულისხმობს ე.წ. ნედლ, პირველად მონაცემს, რომელიც გამოქვეყნებულია ელექტრონული ცხრილის შესაბამის გამოთვლად ფორმატში (მაგ.: CSV, Open XML), ან ხელმისაწვდომია ელექტრონული სერვისის საშალებით (API). ასევე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ გამოქვეყნებული მონაცემები წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით განახლდეს და ყოველთვის ასახავდეს მოცემული მომენტისათვის არსებულ მდგომარეობას. 

სწორედ ამ მიზნით, 2014 წელს ღია მმართველობა საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმით საქართველოს მთავრობის მიერ აღებული ვალდებულების ფარგლებში შეიქმნა ღია მონაცემების ქართული პორტალი www.data.gov.ge, რომელიც განკუთვნილია ღია მონაცემებისა და შესაბამისი მეტა-მონაცემების გამოსაქვეყნებლად. პორტალზე ასევე ხელმისაწვდომია ინფორმაცია ამ მონაცემების გამოყენების შესახებ. პროექტი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - მონაცემთა გაცვლის სააგენტომ განახორციელა. 

პროექტის მოსამზადებელ ეტაპზე საჯარო დაწესებულებებში შეფასდა არსებული მონაცემები, მონაცემთა ცხრილები და ელექტრონული სერვისები, რომელთა გამოქვეყნებაც შესაძლებელია ღია მონაცემების პორტალზე. პორტალი ყველა საჯარო დაწესებულებას შესაძლებლობას აძლევს წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით გამოაქვეყნოს ღია მონაცემები და შესაბამისი მეტამონაცემები.

პორტალი რეალურ რეჟიმში 2014 წელს გაეშვა და 2015 წელს განახლდა. მუდმივად მიმდინარეობს სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებიდან მიღებული მონაცემთა ცხრილებისა და მეტა-მონაცემების განთავსება, დამუშავება, ანალიზი და მათი გამოქვეყნება. ამჟამად პორტალზე ხელმისაწვდომია 700-ზე მეტი მონაცემთა ცხრილი. 

სააგენტოს მიზანია სისტემურად შეფასდეს პორტალის ყველა შესაძლო არსებული ხარვეზი, რათა მან უპასუხოს თანამედროვე მაღალ სტანდარტებს. ამ მიზნით, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში დაგეგმილია data.gov.ge-ის ფუნდამენტური განახლება, რის შედეგადაც პორტალს ექნება მომხმარებელზე ორიენტირებული ინტერფეისი, ვიზუალური სტრუქტურა, გაუმჯობესებული ფუნქციონალი და ახალი შესაძლებლობები (მაგ.: მონაცემთა ვიზუალიზაცია). განახლების პროცესში შესწავლილი და მხედველობაში მიღებული იქნება საერთაშორისო მასშტაბით ცნობილი და აღიარებული ღია მონაცემთა პორტალები და კარგი პრაქტიკა. პორტალის გაუმჯობესება ხელს შეუწყობს საჯარო ადმინისტრირების გამჭვირვალობას და საჯარო დაწესებულებებში დაცული საჯარო მონაცემების გამოყენებით ეკონომიკური სარგებლის შექმნას.
facebook icon twitter icon linkedin icon