საბიუჯეტო პროცესებში მოქალაქეების მონაწილეობა
საბიუჯეტო პროცესებში მოქალაქეების მონაწილეობა პირდაპირი დემოკრატიისა და ღია მმართველობის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ის ქალაქის/მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში საზოგადოების ჩართულობას გულისხმობს, რათა მათი საჭიროებების შესაბამისად განისაზღვროს მომავალი ფინანსური წელი. მონაწილეობითი ბიუჯეტირება მოქალაქეებს საშუალებას აძლევს თავად გადაწყვიტონ, თუ როგორ უნდა განვითარდეს მათი ქალაქი/მუნიციპალიტეტი.
მონაწილეობითი ბიუჯეტირება პირველად 1989 წელს ბრაზილიის ქალაქ პორტო ალეგრეში შემოიღეს სიღარიბის შემცირების მიზნით. შედეგად, ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი თითქმის 20%-ით შემცირდა. ამის შემდგომ, მოქალაქეთა ჩართულობის ეს ინსტრუმენტი აქტიურად გამოიყენება მსოფლიოს 7,000-ზე მეტ ქალაქში.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმისა და ღია მმართველობის მნიშვნელოვან ნაწილს ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ახალი მექანიზმების დანერგვა და მათთვის რეალური შესაძლებლობების შექმნა წარმოადგენს, რაც ასევე ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
ბათუმი - შენი ხმა, შენი გადაწყვეტილება, შენი იდეა შენი ქალაქისთვის!
საჯარო პოლიტიკის შემუშავების პროცესში მოქალაქეების თანამონაწილეობის უზრუნველსაყოფად მონაწილეობითი ბიუჯეტირების ინსტრუმენტი საქართველოში პირველად 2015 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტში დაინერგა. მოგვიანებით, ინოვაცია სხვადასხვა მუნიციპალიტეტმაც აიტაცა.
ღია მმართველობა საქართველოს 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ მონაწილეობითი ბიუჯეტირების ელექტრონული მექანიზმების დანერგვა დაისახა მიზნად. აღნიშნული ვალდებულება 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებშიც გაგრძელდა და საბოლოოდ, წარმატებით განხორციელდა.
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა საქართველოში” (GGI Georgia) მხარდაჭერით, 2019 წელს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტოსთან თანამშრომლობით შექმნა ელექტრონული პლატფორმა idea.batumi.ge, რომელიც ქვეყანაში მონაწილეობითი ბიუჯეტირების ერთ-ერთ წარმატებულ მოდელს წარმოადგენს და მოქალაქეებს საშუალებას აძლევს თავად წარადგინონ და აირჩიონ ქალაქის განვითარების პროექტები.
ვებგვერდის გამოყენებით ბათუმში რეგისტრირებული მოქალაქეები ინიციატივებს ელექტრონულად წარადგენენ და ამავე პლატფორმაზე ხმის მიცემის გზით გამარჯვებულ იდეებს გამოავლენენ. ამ დრომდე განხორციელდა პროექტის ორი, 2019-2020 წლების ციკლი. ჯამში მოქალაქეებმა დაარეგისტრირეს 65 იდეა, ხოლო ხმის მიცემის შედეგად გამარჯვებულად დასახელდა 5 იდეა. მათგან ერთი - „ფრანების ფესტივალი“ 2019 წელს განხორციელდა, ხოლო დანარჩენი 4 გამარჯვებული პროექტის განხორციელება 2020 წლის ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტშია გათვალისწინებული. ეს იდეებია:
- ქუჩის კალათბურთი - მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას;
- ჭიდაობის მოედანი - მიზნად ისახავს სპორტული აქტივობების პოპულარიზაციას;
- ნატვრის ხე - მიზნად ისახავს სანახაობრივი და გასართობი ადგილის მოწყობას;
- წარწერა „ბათუმი“ - იდეა გულისხმობს ძველი წარწერის ჩანაცვლებას ახალი, ორენოვანი წარწერით.
პროექტის წარმატება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სამგანზომილებიანმა მიდგომამ განაპირობა. გარდა მონაწილეობითი ბიუჯეტირებისთვის საჭირო ინსტიტუციური მექანიზმების დანერგვისა, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ მოქალაქეთა სტრუქტურირებული მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით საუბნო კავშირები ჩამოაყალიბა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების კამპანიებიც განახორციელა. ამ გზით, უზრუნველყოფილ იქნა დანერგილი საბიუჯეტო მექანიზმის პრაქტიკაში გამოყენება და მოქალაქეების მაღალი ჩართულობა, როგორც შემოსული ინიციატივების რაოდენობის, ასევე მათი ხარისხის კუთხით.
პლატფორმაზე დარეგისტრირებულია 4000-მდე ბათუმში რეგისტრირებული მოქალაქე, ხოლო ხმის მიცემის პროცესში ჩართული იყო დაახლოებით 3300 მოქალაქე.
მონაწილეობითი ბიუჯეტის მხარდაჭერის პროექტი 2020-2021 წლებში, შემდეგი მიმართულებების მიხედვით გაგრძელდება:
- ბათუმის მონაწილეობითი ბიუჯეტის რეგულაციების გაუმჯობესება და ინსტიტუციონალიზაცია;
- შეფასების და ანგარიშგების მეთოდოლოგიების შემუშავება და დანერგვა;
- საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვა-განხორციელება.
2021 წლისთვის მოქალაქეებმა პორტალზე ჯამში 53 იდეა დაარეგისტრირეს, რომელთაც მონაწილებითი ბიუჯეტის საბჭო განიხილავს. გამარჯვებული პროექტები ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან 500 000 ლარით დაფინანსდება.
პროექტს მხარს უჭერს არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორისაა USAID-ის პროგრამა GGI Georgia და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI).